რითეილ სექტორი ქართულ რეალობაში ევროდირექტივის 2019/633 გადმოტანას მიესალმება. როგორც „კომერსანტთან“ რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული დირექტივა კეთილ მიზნებს ემსახურება და რითეილ სექტორის მიზნებში ნამდვილად შედის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხელშეწყობა.
„უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გაჟღერა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ეფუძნება ევროდირექტივას. რომელიც ემსახურება ფერმერების და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას და დაცვას. ჩვენ რითეილ სექტორი მიესალმება ამ ინიციატივას და განმარტავს, რომ აღნიშნული დირექტივა ემსახურება მხოლოდ კეთილ მიზნებს, ხოლო რითეილ სექტორის მიზნებში ნამდვილად შედის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხელშეწყობა.
ჩვენ გვაქვს კამპანია ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის. ადგილობრივი მეწარმეები დამატებითი გადასახადების გარეშე, გამარტივებული პირობებით შედიან ქსელებში და შესაბამისად ამ მიმართულებით მივესალმებით, თუმცა ნამდვილად არ ვიცით, რა მიმართულებით დაამუშავებს მას ეკონომიკის სამინისტრო.
თავად ევროდირექტივაში 2019/633 არ არის საუბარი ფასების და მარჟების რეგულირებაზე. ის ემსახურება ფერმერების და ადგილობრივი მეწარმეების წახალისებას და ხელშეწყობას. თუმცა თუ სხვა მიმართულებით დამუშავდება კანონპროექტი ეს ჯერ ჩვენთვის ცნობილი არ არის. ჩვენ ვართ სამუშაო ჯგუფშიც და აუცილებლად ჩვენც ჩავერთვებით კანონპროექტის შემუშავების პროცესში“, - განმარტავს სოფიო ქაშაკაშვილი.
რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დღეს საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავედ პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასები დგას.
„პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ძალიან დაბალი მარჟებია 3-დან 10%-მდე. როგორც მოგეხსენებათ, წინა კვირაში იყო შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა ფინანსთა მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი და კონკურენციის სააგენტო, რითეილერები და იმპორტიორები. შევთანხმდით, რომ კონკურენციის სააგენტო 10-12 სოციალურ პროდუქტს გამოყოფს, რომელიც ყველაზე მწვავეა - ზეთი, წიწიბურა, მაკარონი - მსგავსი ტიპის პროდუქცია. როდესაც დასახელდება ეს პროდუქტები ისევ შევიკრიბებით და დავამუშავებთ ამ საკითხს თუ როგორ შეიძლება შეღავათი გაეწიოს. რათა უფრო დაბალი ფასი დაიდოს. მერწმუნეთ, რომ ეს წონითი პროდუქცია, სოციალური პროდუქცია, შესაძლოა 10-15 თეთრი ჰქონდეს ფასნამატი ჩვენს ქსელებში. შეფასება რაც გაკეთდა ეს იყო შეწონილი და იქ შედის ბრენდული პროდუქცია და ცხადია რომ მასზე უფრო მაღალი მარჟაა. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ სოციალურ პროდუქციაზე დაბალი მარჟები იყოს. მინიმალური მარჟა არ დაფარავს იმ ხარჯებს, რაც აქვს რითეილს და დაბალანსდება სხვა პროდუქციიდან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა პროდუქციაზე ფასები გაიზრდება,“ - აღნიშნა სოფიო ქაშაკაშვილმა.