პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სამწუხაროდ, არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონკრეტული ბიზნესის წარმომადგენლები რთულ სიტუაციაზე ხელის მოთბობას ცდილობენ.
კილაძე აღნიშნავს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთიანობისა და სამოქალაქო თვითშეგნების უპრეცედენტო მაგალითი აჩვენა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძია.
თუმცა, მისივე განმარტებით, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც კარანტინის პირობებს არ ემორჩილებიან და არიან ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებიც საერთოდ არ იზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აქვს.
„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ცალკეული შემთხვევები, როცა კონკრეტული ბიზნესები ცდილობენ, ამ რთულ სიტუაციაზე ხელის მოთბობას. ყველას მოვუწოდებ, ნუ გამოცდიან საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეაგირებას, რადგან თითოეული უპასუხისმგებლო ქმედება შეიძლება ქვეყანას დიდი ეპიდემიის რისკად დაუჯდეს. ხელისუფლებას უმკაცრესი ზომა ექნება თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც არ დაემორჩილება იმ შეზღუდვებს, რაც პრეზიდენტის დეკრეტით ძალაშია შესული“, – განაცხადა კილაძემ.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“