სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა ბაქოს ახალი წინადადებები წარუდგინა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ.
მისივე თქმით, წინადადებები ასევე გადაეგზავნა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს, აშშ-ს, საფრანგეთსა და რუსეთს.
„სომხეთის რესპუბლიკამ გუშინ დაასრულა სამშვიდობო ხელშეკრულებისა და აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარების სამუშაოების შემდეგი ეტაპი და ჩვენი წინადადებები წარედგინა აზერბაიჯანულ მხარეს“, - განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, ეს უნდა იქნას გაგებული, როგორც ინტეგრალური დოკუმენტის პროექტი სომხური მხარის წინადადებებით. მან დასძინა, რომ წინადადებები წარედგინა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსაც.
„ჩვენი ხედვა ასეთია: დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შეთანხმებების ისეთ ლოგიკას, შემოწმებისა და დაბალანსების ისეთ მოქმედ სისტემას, რომელიც გამორიცხავს გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დარღვევის ნებისმიერ სცენარს. ამის აზრი ის არის, რომ დოკუმენტის ხელმოწერა არ უნდა გადაიზარდოს ომში, უკვე სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე (აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ასეთი სცენარი შეიძლება მოხდეს), არამედ, პირიქით, ნამდვილად უნდა ნიშნავდეს გრძელვადიან მშვიდობას “, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.