სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა 24 დეკემბერს უგულებელყო კრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მხრიდან, აზერბაიჯანთან მოლაპარაკების გაუქმების თაობაზე - და განაცხადა, რომ რუსეთის მხარე დროულად იყო გაფრთხილებული მის თხოვნაზე „გადადებულიყო მიმდინარე კვირაში დანიშნული, საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მირზოიანმა „გადადო 23 დეკემბრის მოლაპარაკება ლავროვთან და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიხუნ ბაირამოვთან, რადგან ამ დღეებში მის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს ლაჩინის დერეფნის სახელით ცნობილი არეალის გახსნა.
ეს ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 12 დეკემბერს დაბლოკეს აზერბაიჯანელმა დემონსტრანტებმა, რომლებიც მოითხოვდნენ ბაქოს უფლება მიეცეს შეამოწმოს ყარაბაღის მადნის საბადოები. დემონსტრანტები ყურადღებას ამახვილებდნენ აზერბაიჯანის განცხადებებზე, რომ მთიანი ყარაბაღის საბადოებში უკანონო სამუშაოები მიმდინარეობს, და რომ მინერალები სომხეთში ლაჩინის დერეფნით გააქვთ.
ერევანში და სტეპანაკერტში დაგმეს დერეფნის ბლოკირება და მას უწოდეს უხეში დარღვევა 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელმაც ლაჩინის დერეფანი რუსი მშვიდობის დამცველების კონტროლის ქვეშ მოათავსა.
23 დეკემბერს, მოსკოვში, ბაირამოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა გაოცება გამოხატა იმ გარემოების გამო, რომ შეხვედრაში მონაწილეობაზე სომხეთის უარის შესახებ მათ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან შეიტყვეს.
„გამოყენებული არ ყოფილა არ ერთი დიპლომატიური არხი, რომლებსაც ამგვარ ვითარებებში იყენებენ ხოლმე, თქვა ლავროვმა და დასძინა - სომხეთის მხარის ეს მეთოდი კითხვებს აღძრავს.
ლავროვის თქმით, რუსი მშვიდობის დამცველები, რომლებიც მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ არიან დისლოცირებული 2020 წლის საზავო შეთანხმების პირობების თანახმად, აქტიურად მუშაობენ ვითარების განმუხტვისთვის.