სომხეთსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი, თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე, 35 წლის შემდეგ პირველად გაიხსნა.
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“11 თებერვალს იტყობინებოდა, რომ სომხეთმა მიწისძვრის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა გაუგზავნა.
„ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანები მარგარას ხიდს სომხეთისა და თურქეთის საზღვარზე გადაკვეთენ და მიწისძვრით დაზარალებული რეგიონისკენ მიემართებიან“, - დაწერა ტვიტერზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვაჰან ჰუნანიანმა.
Anadolu-ს ცნობით, საზღვარი სომხეთის ქალაქ მარგარასთან ბოლოს 1988 წელს გაიხსნა. მაშინ თურქეთიდან სომხეთში ჰუმანიტარული მარაგი სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ გადაიტანეს, რომელსაც 25000-დან 45000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.