სომხეთის ხელისუფლება საჯაროდ პირველად აცხადებს, რომ რუსეთი მასზე ზეწოლას ახდენს. მიზანი, როგორც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი განმარტავს არის აზერბაიჯანისთვის საგზაო კორიდორის უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან შეერთება.
არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან 13 სექტემბრის თავდასხმა, ასევე ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვა, სომხეთზე რუსეთის ზეწოლის კონტექსტში ჯდება. ასევე, გრიგორიანის თქმით, სწორედ ეს არის ბოლო დროის რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების ცხადი კრიზისის მიზეზიც.
“სომხეთი ამას ეწინაღმდეგება. მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ამას უკავშირდება 13 სექტემბრის ესკალაციაც და ძირითადად ეს არის საფუძველი ან მიზეზიც მთელი ამ კრიზისის.
რაც შეეხება საკავშირო სახელმწიფოს, ბუნებრივია, სომხეთზე ზეწოლა ხდება, და ყოველ ჯერზე, როდესაც სომხური დემოკრატია და დემოკრატიული სისტემა ამას ეწინააღმდეგება, სხვა სახის ზეწოლას იღებს სამხედრო ძალის სახით”.