1955 წელს გამოცემული ავტომობილი Mercedes-Benz 300 SLR გერმანიაში რეკორდულ ფასად 135 მლნ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააუქციონო სახლმა Sotheby's ოფიციალურად დაადასტურა.
მათი ინფორმაციით, აუქციონი 5 მაისს Mercedes-Benz-ის მუზეუმში - შტუტგარდში შედგა. რარიტეტული ავტომობილი გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი. მან მთელი 90 მილიონი ევროთი გადაუსწრო მოქმედ რეკორდსმენს 1962 წლის Ferrari 250 GTO-ს, რომელიც 2018 წელს 48,4 მლნ დოლარად გაყიდეს.
გაყიდული Mercedes-Benz 300 SLR გახლავთ ერთ-ერთი მოდელი ორი პროტოტიპიდან, რომელიც 1955 წლის რბოლებისთვის შექმნეს, რუდოლფ ულენჰაუმის თაოსნობით და ითვლება ავტომობილის ინჟინერიისა და დიზაინის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. მას შეეძლო 290 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, რაც აქცევდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტომობილად იმ დროისთვის.
როგორც აუქციონის ორგანიზატორები აცხადებენ, მიღებული თანხა „Mercedes-Benz-ის მსოფლიო ფონდის“ შექმნას მოხმარდება, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო სტიპენდიების გაცემაზე.