სპეციალური საგამოძიებო სამსახური, დამოუკიდებელ საგამოძიებო პალატასთან ერთად ომის ვეტერანის ლაშა გიგაურის სახლიდან ძალის გამოყენებით გამოსახლების საქმეზე გამოძიებას იწყებს. სახელმწიფო უწყებაში გამოკითხვები უკვე დაწყებულია. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციელების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება - ესაა მუხლი, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაზარალებულებს კითხავს.
ამის პარალელურად იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის იურისტები ამტკიცებენ, რომ აღსრულების პოლიციამ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და არაერთი კანონი დაარღვია. ძალოვანებმა სააღსრულებლო წარმოების პროცესში ლაშა გიგაურის წარმომადგენლები სახლშიც კი არ შეუშვეს. კერძო საკუთრება ალყაში მოაქციეს, ადამიანები სცემეს და ომის ვეტერანის ოჯახს ფიზიკური ძალადობით საცხოვრებელი სახლი დაატოვებინეს.
მთავარი პრობლემა რაზეც იპოთეკითა და მევახშეებით დაზარალებულთა ასოციაცია აპელირებს სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ლაშა გიგაურის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო. პროკურატურის მოთხოვნით გამოძიება დაიწყო კერძო მევახშის წინააღმდეგაც, ლია წიკლაურს შოთაძის უწყება სისხლის სამართლის დანაშაულს თაღლითობას ედავება. ახლა გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს როგორ და რა გზებით მოიპოვა მევახშემ ომის ვეტერანის კერძო საკუთრება.
იურისტების მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს ომის ვეტერანის ოჯახის გამოსახლების პროცესი, დაჩქარდეს პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება და მიეცეს პასუხისგებაში აღსრულების პოლიციის ყველა ის თანამშრომელი ვინც გიგაურების გამოსახლების დროს არაპროპორციული ძალა გამოიყენა.