მუსიკალური სტრიმინგ სერვისი - Spotify, რუსეთში მუშაობას წყვეტს.
როგორც Bloomberg -ი იუწყება,
კომპანიამ გადაწყვეტილება, რუსეთში ახლადამოქმედებული კანონის გამო მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ, "ყალბი" ინფორმაციის გავრცელების გამო, დასჯას ითვალისწინებს.
“კანონი ზღუდავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ართმევს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, საფრთხეში აყენებს თანამშრომლების უსაფრთხოებას და შესაძლოა Spotify-ის მომხმარებლებსაც კი“, - აცხადებენ კომპანიაში.
Spotify-მ, რუსეთში, პრემიუმ გამოწერის შესაძლებლობა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გააუქმა, რის მიზეზადაც ქვეყანაში გადახდის მთავარი პროვაიდერების მიერ დაწესებული შეზღუდვები დასახელდა.
Spotify-ის ფინანსური დირექტორის, პოლ ვოგელის დათვლით, წლის პირველ კვარტალში კომპანია, დაახლოებით, 1,5 მილიონ გამომწერს დაკარგავს.
შეგახსენებთ, Spotify-მ რუსეთში ოპერირება 2020 წლის შუა რიცხვებიდან დაიწყო. უკვე 2021 წლის თებერვალში კი, სერვისმა, ახალი ფასიანი აბონენტების რაოდენობის რეკორდული ზრდის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მომხმარებლების უდიდესი ნაწილი რუსეთიდან იყო.
შეგახსენებთ, რუსეთის ბაზარი ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა, მათ შორისაა Netflix-იც, რომელმაც რუსებისთვის ხელმოწერები არ განაახლა და წაშალა მისი აპლიკაცია რუსული App Store-დან და Google Play-დან.