აშშ-ის საელჩომ თურქეთში მცხოვრები ამერიკელები სტამბოლში ეკლესიებზე, სინაგოგებსა და დიპლომატიურ მისიებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.
საელჩოს ცნობით, ტერორისტული თავდასხმები შესაძლებელია სტამბოლში, განსაკუთრებით ბეიოღლუს, გალათას, ტაქსიმისა და ისტიკლალის რაიონებში მოხდეს.
აშშ-ს ადმინისტრაცია თანამოქალაქეებს მოუწოდებს, ხალხმრავლობას მოერიდონ და სიფხიზლე შეინარჩუნონ იმ ადგილებში, სადაც მეტი დასავლეთის ქვეყნებიდან ჩასული სტუმარია, მოიქცნენ თავშეკავებულად და მიჰყვნენ ადგილობრივი მედიის რეკომენდაციებს.
დიპლომატების თქმით, თურქეთის ხელისუფლება ახლა ცდილობს დაადგინოს, ვისგან შეიძლება მზადდებოდეს თავდასხმა.
შვედეთში, ნიდერლანდებსა და დანიაში ყურანის საჯაროდ დაწვის შემდეგ, 27 იანვარს ანკარაში რამდენიმე საელჩომ, მათ შორის - აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის საელჩოებმა, გაავრცელა ინფორმაცია სალოცავ ადგილებზე შესაძლო თავდასხმების შესახებ.
გასულ შაბათს თურქეთის ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ისლამოფობიის, ქსენოფობიისა და რასიზმის შესაძლო გამოვლინების შესახებ გააფრთხილა.