რეალურად Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები 499 დოლარი ღირს, მისი შეძენის შემდეგ, მომხმარებელს ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გადახდა უწევს, რომელიც 100 დოლარია, - ამის შესახებ ინფორმაციას ain.ua ავრცელებს.
თუმცა Starlink-მა გადაწყვიტა უკრაინელებისთვის თავისი სერვისების ფასი დაწიოს და ამიერიდან ახალი სააბონენტო ფასი 60 დოლარი იქნება.
სიმბოლურია, რომ Starlink-მა უკრაინელებს მომსახურების ღირებულების შემცირების შესახებ სწორედ დამოუკიდებლობის დღეს აცნობა.
„2022 წლის 24 აგვისტოდან Starlink ამცირებს თქვენი ყოველთვიური მომსახურების საფასურს $60-მდე. ფასის შემცირება ითვალისწინებს თქვენი ადგილობრივი ბაზრის პირობებს და უნდა ასახავდეს ჩვენი მომხმარებლების მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტს“, - ნათქვამია Starlink-ის წერილში.
ტერმინალის მფლობელებს ფასდაკლების მისაღებად არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ, ფასის შემცირება ავტომატურად აისახება 24 აგვისტოს შემდეგ გამოწერილ ინვოისებში.
დღეისათვის Starlink-ის ტერმინალები მთელ უკრაინაში ფართოდ გამოიყენება. მას აქტიურად იყენებენ სამხედრო ძალები იმ ადგილებში, სადაც სხვა ინტერნეტ პროვაიდერებს დაფარვა არ აქვთ და ასევე სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ქსელის დაზიანების შემთხვევაში.
როგორც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, უკრაინაში Starlink-ების საერთო რაოდენობა 18000-ს შეადგენს, რაც მეტია, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა მათგანი ახლა აქტიურად გამოიყენება, მივიღებთ შთამბეჭდავ ხარჯებს, საუბარია 1,8 მილიონი დოლარზე, ანუ დაახლოებით 66 მილიონი გრივნა თვეში.
ამგვარად, სააბონენტო ღირებულების 100 დოლარიდან 60 დოლარამდე შემცირება უკრაინას საშუალებას მისცემს ყოველთვიურად 26,5 მილიონი გრივნათი ნაკლები დახარჯოს.