''Stepn-ის პოპულარობა მცირე ხნით ძალიან გაიზრდება და მერე სწრაფად დავარდება'' - ნანა დიხამინჯია

''Stepn-ის პოპულარობა მცირე ხნით ძალიან გაიზრდება და მერე სწრაფად დავარდება'' - ნანა დიხამინჯია

access_time2022-05-04 13:04:08

აპლიკაცია Stepn-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის ფონზე, საზოგადოების ნაწილი მაინც სკეპტიკურად რჩება განწყობილი მის მიმართ და არც თუ უმიზეზოდ. კრიპტოსამყაროს, განსაკუთრებით კი მსგავსი ჟანრის თამაშების მიმართ ნდობის ჩამოყალიბება გარკვეულ დროს და წონად არგუმენტებს მოითხოვს, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ მომავლის პერსპექტივად რჩება.

 

Entrepreneur, აღნიშნულ კრიპტოთამაშთან დაკავშირებით ტექნოლოგიურ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველ პროფესორს, გამოყენებითი მათემატიკის დოქტორს, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორსა და ქალთა ტექნოლოგიურ გაძლიერებაში განსაკუთრებული წვლილის მქონე სპეციალისტს, ნანა დიხამინჯიას ესაუბრა.

 

ქალბატონო ნანა, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კონკრეტულად Stepn-ის შესახებ. რამდენად რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს ეს თამაში თანხის გამომუშავების და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენისთვის?

 

Stepn არის P2E (Play to Earn - ითამაშე გამომუშავებისთვის) ტიპის თამაში, სადაც რაიმე აქტივობით ხდება სხვადასხვა სახის ტოკენების ან კრიპტოვალუტის გამომუშავება, ოღონდ თამაშს აქ NFT ბოტასებით სიარული წარმოადგენს, ამიტომ Stepn არის ამ მასშტაბის პირველი move-2-earn (იმოძრავე გამომუშავებისთვის) აპლიკაცია, რომელშიც ჩაშენებულია GameFi და SocialFi (თამაშების და სოციალური ელემენტების ინტეგრირება დეცენტრალიზებულ ფინანსებთან, ანუ ბლოკჩეინის აპლიკაციებთან მონეტიზაციის მიზნით).

 

თავად ამ აპლიკაციის შემქმნელთა გაცხადებული მიზანია, ადამიანები მიმართონ უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, უფრო ზუსტად კი - წააქეზონ მეტი სიარულისკენ. აპლიკაციაში ჩართვა, ანუ NFT ბოტასების შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები პირად მწვრთნელებზე ბევრად მეტ თანხას ხარჯავენ. უდავოა, რომ შემქმნელთა და ინვესტორთა რეალური მიზანი არის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა, საკუთარი ტოკენების და კრიპტოვალუტის გავრცელება, მაგრამ ისინი არ ჰპირდებიან მომხმარებელს, რომ ის რაიმე მნიშვნელოვან მოგებას მიიღებს ამ ინვესტიციით. თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ მხოლოდ სიარულით ფულის გამომუშავების შესაძლებლობა NFT ბუმის დროს, რომელიც კლასიკური ბიზნეს-მოდელების სივრცეს არღვევს და აჩვენებს გამდიდრების მოულოდნელ მაგალითებს, მაშინვე მიიზიდავდა ადამიანთა ჯგუფებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

 

იმავე დროს, Stepn-ის არსებული მოდელიდან არ ჩანს, რომ ამით გამდიდრება რეალისტურია, უბრალოდ შესაძლოა ზოგიერთმა მომხმარებელმა მიიღოს საგრძნობი მოგება, მაგალითად გაძლიერებული ბოტასების გაყიდვით. გარდა ამისა, მოდელში უკვე შეიტანეს მცირე ცვლილებები და სავარაუდოდ, ცვლილებები კიდევ იქნება, რაც აპლიკაციის გავრცელება-გამოყენების მასშტაბებზეა დამოკიდებული და რთულს ხდის ინვესტირების მოგების პროგნოზირებას. როგორც აპლიკაცია - Stepn, ძალიან საინტერესოა, სწორედ იმიტომ, რომ ახლა ამ ტიპის ექსპერიმენტების დროა - ქაოტურად ვიკვლევთ, რა ფუნქციონალი შეიძლება შეიძინოს NFT-მ და რა ახალი ბიზნეს-მოდელები შეიძლება გაჩნდეს დეცენტრალიზებული ფინანსების ინტეგრირებით სხვადასხვა თამაშებთან, სოციალური ურთიერთქმედების, სამსახურეობრივ თუ გასართობ სივრცეებთან. თითქოს ჩვენ თვალწინ ახალი პატარ-პატარა სამყაროები აღმოცენდება, სადაც წესები ამ სამყაროს თემის მიერ შეთანხმებებით ყალიბდება - ანუ ფინანსური სისტემები, რაც კაცობრიობის არსებობის მანძილზე ძირითადად ევოლუციურად ვითარდებოდა, ახლა სხვადასხვა ჯგუფების მიერ იქმნება ხელოვნურად და ძალიან სწრაფად. რთულია პროგნოზი, რომელი სამყაროები გაიზრდება და რომლები გაქრება, მაგრამ კლასიკური ბიზნეს მოდელების გარდაქმნა რომ გარდაუვალია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ექსპერტთა მიერ StepN-ის შეფასებებზე დაყრდნობით, მისი განხილვა, როგორც ფულის გამომუშავების სტაბილური წყაროსი, თავის მოტყუება იქნებოდა, მაგრამ ის შეიძლება იყოს ძალიან კარგი მოტივაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის ათვისებისთვის. ეს პარადოქსალურად ახასიათებს თანამედროვე ცხოვრებას - უფრო მეტი ალბათობაა, რომ ადამიანებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ მაშინ, თუკი ფულად ინვესტიციას ახორციელებენ, ვიდრე გამოიყენონ უამრავი უფასო და იაფი ფიტნეს აპლიკაცია. ფინანსური მოდელის კუთხით ის შეიძლება პირამიდასაც კი შევადაროთ, საიდანაც მონაწილეთა მცირე ნაწილი იღებს დიდ მოგებას იმ ბევრი ადამიანის ხარჯზე, ვინც ცოტა ფულს მაინც კარგავს. თუმცა გამორიცხული არაა, რომ მისმა ავტორებმა უფრო დახვეწონ მოდელი და მოგების მიღების ახალი თვისებები შესძინონ აპლიკაციას.

 


ექსპერტთა ნაწილის აზრით, მსგავსი, არაფრით გამყარებული ტოკენები, სპეკულატიური ხასიათისაა და სრულად მომხმარებელთა და შემქმნელთა ნდობასა და რწმენაზეა დამოკიდებული. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რა საფრთხეებს გამოარჩევდით ამ მიმართულებით?

 

ის, რაც დღეს ხდება ტოკენებთან დაკავშირებით, სინამდვილეში არის იმ მოდელების მასშტაბირება და გაძლიერება, რაც გარკვეულწილად არსებობდა კომპიუტერული თამაშების სამყაროში, ან უფრო ადრე - თანამედროვე ხელოვნების ბაზარზე, თუნდაც - ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ერთი მხრივ, ძირითადი საფუძველი, რაც ამ ყველაფერს აერთიანებს - იმედის გაყიდვაა. იმედის, რომ კონკრეტული კომპანიის აქცია ან კრიპტოვალუტა უფრო ძვირადღირებული გახდება, რომ რომელიღაც აბსტრაქციის ფასი გაათმაგდება მომავალში. უბრალოდ NFT-ს შემთხვევაში ზრდის მოცულობა რამდენიმე თანრიგით მეტი შეიძლება იყოს. იმავე დროს, თამაშების სივრცეში მოპოვებული ხმლის თუ პერსონაჟის კანის გაყიდვა, რომელსაც ამავე თამაშში შეუძლია სტატუსის ამაღლება ან ფუნქციონალის გაძლიერება, ათეული წლებია ნაცნობია მოთამაშეებისთვის.

 

ზოგადად, ადამიანთა ფიზიკურ სამყაროში ბევრი სპეკულატიური ხასიათის გაყიდვადი ობიექტი არსებობს, რისი ღირებულებაც ეფუძნება სტატუსის, პრესტიჟის, ან იმედის ცნებას. მაგალითად, ჯერ კიდევ უძველეს ტომებში ღმერთის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის შამანისთვის მიტანილი ძღვენი, იშვიათი მარკების კოლექცია თუ „როლექსი“, რომლის მთავარი დანიშნულება მფლობელის სიმდიდრის დადასტურებაა. სწორედ ამ მოდელებს იმეორებს, თუმცა ბევრად გაზვიადებული მასშტაბით და რეალური დანიშნულების თითქმის სრულად გაუქმებით, NFT-ზე დაფუძნებული აპლიკაციები თუ პლატფორმები. ტოკენების ღირებულება მეტწილად არის დამოკიდებული კონკრეტული პლატფორმის თემის მიერ შეთანხმებაზე და წესების აღიარებებზე.

 

მთელ ამ პროცესში მე ვხედავ როგორც უზარმაზარ შესაძლებლობებს, ისე დიდ საფრთხეებს - ინტერნეტს გამთანაბრებლის როლი ჰქონდა და ცოდნაზე სწრაფმა წვდომამ შეამცირა ადამიანთა დამოკიდებულება მატერიალურ ობიექტებზე. ის, რასაც დღეს Web3-ის განვითარება გვთავაზობს, ერთი მხრივ არის გზა, რომ თავი დავაღწიოთ მოძველებულ ეკონომიკურ მოდელებს და უკეთესი, უფრო ხელმისაწვდომი და სამართლიანი სამყარო შევქმნათ, მეორე მხრივ კი რისკი, რომ ციფრულ სივრცეში გადმოვიტანთ უთანასწორო საზოგადოების დღეს არსებულ წესებს და თან სრულიად უსარგებლო და უშედეგო მოქმედებებზე დროს დავახარჯვინებთ ადამიანებს ფულის გამომუშავების იმედით.

 

რადგან P2E თამაშში ფულის გამომუშავება მხოლოდ ჯგუფის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, რატომ ვერ გახდება ასეთივე პოპულარული თამაში, რომელიც სიარულში კი არა, ხანგრძლივად ჯდომაში იძლევა ფულს, ან ეკრანზე კატების დევნაში? შეგვიძლია იმავე დროს გავიხსენოთ აზარტული თამაშების პოპულარობა, სადაც ასევე უზარმაზარი ფული ტრიალებს და ამ ბაზრის ძირითადი მამოძრავებელი მომხმარებელში რისკით გამოწვეული ადრენალინი და/ან იოლი მოგების მიღების დაპირებაა, რაც ნებისმიერ თამაშში შეიძლება ჩაიდოს, რომელიც ფულის გამომუშავება-დაკარგვას უკავშირდება.

 

როგორია თქვენი პროგნოზი Stepn-ის მომავალთან დაკავშირებით? შესაძლოა თუ არა, რომ ახლო მომავალში მისი სრულად გაუფასურების მომსწრენი გავხდეთ?

 

ჩემი აზრით, StepN-ის პოპულარობა მცირე ხნით ძალიან გაიზრდება და მერე სწრაფად დავარდებასწრაფად დავარდება. თუმცა იმის ალბათობასაც ვუშვებშემქმნელები იმასაც გვპირდებიან, რომ აპლიკაციის მოდელი უფრო დაიხვეწება და ფუნქციურად მრავალფეროვანი გახდება, რაც ფულის გამომუშავების მოდელს უფრო დაფუძნებულს გახდის. დღეს Web3 დუღს და ბევრი რამეა იმაზეც დამოკიდებული, ე.წ. ზოგადი Metaverse, ანუ მეტასამყარო, რომელიც შეიძლება ერთი, რამდენიმე ან ათასობით ვირტუალური სამყაროებით შეიძლება იქნეს წარმოდგენილი, როგორ განვითარდება, რამდენად მეინსტრიმული გახდება, რა ფუნქციონალით იქნება აღჭურვილი კრიპტოვალუტების მიმოცვლისა თუ ტოკენების უნივერსალური გამოყენების კუთხით. ჯერჯერობით მხოლოდ იმის ჩანასახს ვხედავთ, რაც სავარაუდოდ 5-10 წელიწადში ადამიანთა ურთიერთობის და ეკონომიკის ძირითადი სივრცე გახდება. ვფიქრობ, შემდეგ წლებში ბევრი მსგავსი აპლიკაცია გაჩნდება და გაქრება.

 

StepN-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარე ისაა, რომ მისი ინვესტორები ძალიან გამოცდილი, ცნობილი და ძლიერი კომპანიები არიან, რაც ამცირებს მისი გაუფასურების ალბათობას, მაგრამ იმავე დროს, ეჭვი მეპარება, მისი ბიზნეს-მოდელი ძალიან მდგრადი იყოს, სწორედ იმიტომ, რომ მონაწილეებისგან ფიზიკურ აქტივობასაც მოითხოვს და ფინანსური ინვესტიციის სწორ დაგეგმვასაც.

 

www.entrepreneur.com



თეგები:
Stepn



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up