შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ხელისუფლებამ ქალაქში ელექტრო სკუტერების რაოდენობის თითქმის განახევრებას მხარი დაუჭირა.
The Local-ის ცნობით, ქალაქის საბჭომ მხარი დაუჭირა ლიცენზირებული ელექტრო სკუტერების რაოდენობის 12 000-მდე შემცირებას მაშინ, როცა ამჟამად ქალაქში 23 000 სკუტერი მოძრაობს. მცირდება გაქირავების კომპანიების რაოდენობაც და 8 გამქირავებლიდან სულ 3 დარჩება.
შეზღუდვები ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა. უახლოეს კვირებში ქალაქი გამოაცხადებს კომპანიებს, რომლებსაც უფლება ექნებათ, იჯარის ლიცენზიები შეინარჩუნონ.
გამოცემის შეფასებით, მსოფლიოს დიდ ქალაქებში ელექტრო სკუტერები ბოლო წლებში მომრავლდა, რის გამოც მათ გამოყენებაზე უთანხმოება გამწვავდა. მომხრეები ამბობენ, რომ ეს ტრანსპორტის მოსახერხებელი საშუალებაა, კრიტიკოსების თქმით კი, ელექტროსკუტერები ქუჩებში არეულობას იწვევენ და მაღალი სიჩქარით მოძრაობის დროს მოქალაქეებისთვის საშიშიც არის.
მსოფლიოს ზოგიერთ დედაქალაქში მათ გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდა, კოპენჰაგენმა კი გასული წლის ოქტომბრიდან ელექტრო სკუტერებით მოძრაობა მთლიანად აკრძალა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებით ისევ დაუშვა.
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ივლისში, ნებადართული სკუტერების რაოდენობა 20 000-დან 8 000-მდე შემცირდა, ხოლო მათი გამოყენება 23:00-დან 5:00 საათამდე აიკრძალა.
პარიზში ელექტრო სკუტერების სიჩქარე საათში 20 კილომეტრამდე შეიზღუდა, სინგაპურმა კი მათი ტროტუარებზე გამოყენება საფრანგეთისა და გერმანიის მაგალითზე აკრძალა.
bpn.ge