„სულ მალე დავაანონსებთ ერთი ძალიან ცნობილი ბრენდის ონლაინ პლატფორმაზე გაშვებას, იმედი გვაქვს, რომ 2022 წელს კიდევ 5-6 ბრენდი შეუერთდება“, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრენსიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვები მხოლოდ ორ ბრენდს „ზარას“ და „მასიმო დუტის“ აქვს, აღნიშნულ პლატფორმაზე მათი გაყიდვები კი 7-8%-ს შეადგენს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. რეზო მაღალაშვილის თქმით, მომავალი ორი წელის განმავლობაში, შესაძლოა ეს ციფრი გაორმაგდეს.
„პანდემიამ ძალიან დააჩქარა ონლაინ გაყიდვების საკითხი, რომელიც ყოველთვის მეორე პლანზე იყო. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან წარმატებულიც გახდა ჩვენი ონლაინ პლატფორმები, ისეთები, როგორებიც არის „ზარა“ და „მასიმო დუტი“. ჩვენ ონლაინ გაყიდვები საერთოდ არ გვქონდა 2020 წლამდე, გასული წლის ოქტომბერში გავუშვით „ზარა“, რამდენიმე თვის წინ „მასიმო დუტი“ , ამ დროისთვის კი მთლიანი გაყიდვების დაახლოებით, 7-8% ს შეადგენს ონლაინ გაყიდვები, რაც არ არის პატარა ციფრი. ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ეს მაჩვენებელი 2022-23 წლებში გაორმაგდეს და 15%-ს მივაღწიოთ. ბუნებრივია, სხვა ბრენდებიც ძალიან მალე შეუერთდებიან. სულ მალე დავაანონსებთ ერთი ძალიან ცნობილი ბრენდის ონლაინ პლატფორმაზე გაშვებას, იმედი გვაქვს, რომ 2022 წელს კიდევ 5-6 ბრენდი შეუერთდება“,- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.
bpn.ge