2019 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 128.4 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8.1 მლნ ლარით ჩამოუვარდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არასწორი საგადასახადო სისტემის ბრალია, რომელიც შეღავათებს უწესებს სათამაშო ბიზნესს და თუ 2011 წლიდან 2019 წლამდე, მათი ბრუნვა 150-ჯერ გაიზარდა, მხოლოდ 3-ჯერ არის გაზრდილი შენატანები ბიუჯეტში.
სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი მოსაკრებელი 2019 წელს შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
- სათამაშო აპარატებიდან - 69.4 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 5.6 მლნ ლარი.
- წამახალისებელი გათამაშებიდან - 5.7 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 0.7 მლნ ლარი
- სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 12.4 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 0.8 მლნ ლარი.
- სამორინეს მაგიდიდან - 39.3 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 2 მლნ ლარი.
- კლუბის მაგიდიდან - 1.2 მლნ ლარი.
სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა ბოლო 5 წელში შემდეგნაირი იყო: 2019 წელს - 128.4 მლნ ლარი, 2018 წელს- 136.5 მლნ ლარი, 2017 წელს – 119.5 მლნ ლარი, 2016 – 73.3 მლნ ლარი, 2015 წელს – 68.9 მლნ ლარი.
ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე არსებულ სიტუაციას საგადასახადო სისტემის გაუმართაობით ხსნის, რომელიც რატომღაც აზარტული თამაშების ბიზნესისათვის საშეღავათოა.
,,პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ სათამაშო ბიზნესი არ იბეგრება სტანდარტულად და შეიძლება ითქვას, რომ სარგებლობს გარკვეული შეღავათებით. მეტსაც გეტყვით, 2011 წელს თუ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იყო 330 მლნს ფარგელბში, 2019 წლის მონაცემით 15 მლრდ-ს აჭარბებს, ანუ ბრუნვა 150-ჯერ გაიზარდა და ამ დროს მხოლოდ 3-ჯერ მოიმატა შენატანებმა ბიუჯეტში. მათ მიერ გადახდილი გადასახადები ნამდვილად არ იზრდება ბრუნვის პროპორციულად. ეს ხდება იმიტომ, რომ აზარტული თამაშების მომწყობი კომპანიები იბეგრებიან არასტანდარტულად, ერთჯერადი მოსაკრებლებით.
კაზინოს მოწყობისთვის დაინტერესებული სუბიექტი იხდის გარკვეულ გადასახადებს და შემდეგ გათავისუფლებულები არიან გადასახადისაგან უკვე 5 წლით. თანაც ეს არ ეხება ონლაინ სივრცეში არსებულ მაგიდებს. ამიტომ, რაც უფრო იზრდება ბრუნვა, მათ მიერ გადახდილი გადასახადის ხვედრითი წილი, მცირდება. აზარტული თამაშების ინდუსტრია სარგებლობს შეღავათებით, რაც ნამდვილად კომიკურია.
ის, რომ შარშანდელთან შედარებით გადასახადის მოცულობამ იკლო, არის იმის ბრალი, რომ შარშან გადახდილი მოსაკრებელი წელს აღარ გადაიხადეს და სავარაუდოა, 2020-ში კიდევ უფრო ნაკლების გადახდა მოუწევთ. გადასახადებთან გაზრდის მოლოდინი ამ სექტორიდან არ უნდა გვქონდეს.
თავის დროზე 15 წლის წინ, როცა ეს წესები დგინდებოდა იყო რეალობის შესაბამისი, თუმცა დღეს უკვე სექტორი იმდნად გაიზარდა, რომ ეს აღარ ზის არანაირ ლოგიკაში.
უცნაურია, რატომ არავინ ფიქრობს, რომ სათამაშო ინდუსტრიიდან ადეკვატური გადასახადი მივიღოთ მაშინ, როცა ხელისუფლება აქციზს უზრდის თამბაქოს მომხმარებლებს, რომელთა დიდი ნაწილიც ძალიან დაბალშემოსავლიანია და ამით იღებს 700 მლნ ლარის შემოსავალს, - განუცხადა რეზონანსს კუკულაძემ.
აზარტულ თამაშებთან და მის რეგულირებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი რომ ნაბიჯებს არ დგამს, არახალია. არათუ საგადასახადო სისტემის შეცვლა, რეკლამის შეზღუდვაც კი ვერ მოხერხდა, 8 წლის განმავლობაში. მიუხედავად არაერთი დაპირბისა ,,ქართული ოცნება” ამ კანონპროექტის მიღებას ყოველთვის აფერხებს.
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობა ცალსახად შესაცვლელია, რადგან ის საქართველოს სათამაშო ბიზნესისათვის სათარეშო არეალად აქცევს.
,,გასაზრდელია მოსაკრებელიც და სალიცენზიო საფასურიც. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა კომპანიამ გახსნა ფილიალი და შემდეგ თანამშრომლებს ხელფასიც კი არ გადაუხადა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან უკვე იმდენად მარტივია კაზინოს გახსნა, რომ ასეთი კომპანიებიც კი ჩნდებიან ბაზარზე. თუ რაღაც სტანდარტს არ დავაწესებთ, სულ ასეთი ქვეყანა ვიქნებით, რომელიც სათამაშო ბიზნესის სათარეშო ადგილად გადაიქცევა.
გადასახადის გაზრდა იმიტომაცაა აუცილებელი, რომ ეს არის ბიზნესი, რომელიც არ ქმნის არავითარ ღირებულებას და შესაბამისად, ადეკვატური არ არის მოსაკრებლის ოდენობა, რომელიც მეტისმეტად მცირეა“, - განუცხადა ,,რეზონანსს” ნაცვლიშვილმა.
გაზეთი „რეზონანსი“