პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, ამ კუთხით არსებულ რეალობას და სამომავლო თანამშრომლობას.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლები დინამიურად იზრდება. მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის გამოცდილება, ასევე განათლების სისტემა.
„სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას ნიდერლანდების სამეფოში“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც კომიტეტმა წელს დაიწყო. ითქვა, რომ TWINNING-ის 2-წლიანი პროექტი გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას საჯარო ფინანსებზე. ხოლო ამ პროექტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მთავარი პარტნიორი ნიდერლანდების ფინანსებისა და ეკონომიკის ეროვნული აკადემია და ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატაა.