თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress-ის გენერალურ დირექტორთან მაქს კოვნაცკისთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, მხარეთა მიერ კმაყოფილებით აღინიშნა ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წლის 28 მაისიდან ავიაკომპანიის ,,SunExpress” მიერ, თბილისიდან - ანტალიის, ხოლო 2-5 ივნისიდან კი, ანკარისა და იზმირის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. აღნიშნულ ქალაქებს შორის ფრენები შესრულდება კვირაში ხუთი სიხშირით.
შეხვედრისას, საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა მიესალმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის დიდ ქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გააქტიურებას, განსაკუთრებით, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით.