უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო სარესტორნო ბიზნესს ახალი მოთხოვნების შესაბამისად უწევს გადაწყობა. ჰორეკა სექტორში აცხადებენ, რომ ომმა პანდემიის საკითხი მთლიანად გადაფარა და ახალი გამოწვევები შექმნა, რაც ჯერჯერობით ძნელად გამკლავებადია.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, დღეს სექტორი გაცილებით სხვა გამოწვევების წინაშეა, ვიდრე ეს პანდემია იყო. ომი კი ყველაზე მძიმედ ფასებზე აისახება და აძვირებს მომსახურებას.
ბურჯანაძის თქმით, ტენდენცია თუ გაგრძელდება და გარკვეულწილად ლარის კურსი არ დასტაბილურდება, ფასები დიდი პრობლემა გახდება.
კერძოდ, ბურჯანაძის ინფორმაციით, რუსული და უკრაინული ბაზრების ჩანაცვლება მოუწევთ ძირითადად ევროპული ნაწარმით, რაც სარესტორნო მენიუს 20-30%-ით გააძვირებს
,,შეზღუდვები მოიხსნა და ამის გავლენას ბიზნესი რეალურად ვერ იგრძნობს. არანაირ შეღავათს ამით არ ველით. პრობლემაა დღეს იმპორტი, ტრადიციული ბაზრების დაკარგვის შემდეგ ყოველი ახალი ბაზარი ფასების ზრდის მოტივატორი გახდება. ის, რაც ევროპის ქვეყნებიდან შემოდიოდა, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ფასიც მცირედით მოიმატეს, მაგრამ რაც უნდა ჩანაცვლდეს, ამ სეგმენტში სერიოზული გაძვირება გველის. გარკვეულწილად 20-30%-იან ფასნამატს შეიძლება დაექვემდებაროს არსებული მენიუ, თუკი ეს მდგომარეობა არ გამოსწორდება“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე ,,კომერსანტთან“.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ფიქრობდნენ, რომ 2022 წელს ჰორეკა სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაახლოებით 70%-ის ფარგლებში აღიდგენდა, მაგრამ დღეს ბაზარს ასეთი მოლოდინი ნამდვილად არ აქვს და პერსპექტივაც უფრო ბუნდოვანი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება. მათ შორის, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე. ასევე, აღარ იმოქმედებს თვითიზოლაციის ვალდებულება პირებისთვის, ვინც ქვეყანაში „პი-სი-არ“ ტესტის გარეშე დაბრუნდება.
მარი ჩიტაია