12–თვიანი შეუჩერებელი ზრდის შემდეგ, ივნისში, სურსათზე მსოფლიო ფასები შემცირდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ხორბლის ფასი ივნისში 2,6%–ით შემცირდა. მცენარეული ზეთების ფასის ინდექსი, მაისთან შედარებით, 9,8%–ითაა შემცირებული, ხოლო რძის პროდუქტების ფასების ინდექსი – 1%–ით. „კომერსანტი“ დაინტერსდა, როდის აისახება ფასთა ცვლილება ქართულ დახლებზე გამოტანილ პროდუქტებზე.
დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტ ივა ჭყონიას პროდუქტის გაიაფებაზე საუბარი უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე ფასები შემცირდა, ბიზნესმენი ყურადღებას საწვავის რეკორდულად გაზრდილ ღირებულებაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, მისი თქმით, ფასების ზრდას იწვევს. დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ როგოც კი მიმწოდებლები ფასს დააკორექტირებენ, სურსათზე ფასების კლება საქართველოშიც დაიწყება.
„ამ ეტაპზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი – საწვავი – კატასტროფულ ნიშნულთანაა მისული. ამიტომ, ძალიან რთულია ფასებზე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე ჩვენი მომწოდებლისგან ფასის ცვლილებას ადგილი არ აქვს, როგორც კი მათ მიერ გარკვეულ პროდუქტებზე ფასები შემცირდება და ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, შესაძლებელი იქნება უახლოეს პერიოდში რიგ პროდუქციაზე შემცირებული ფასები ვნახოთ. ახლა ცოტა რთული პერიოდია, რადგან მარაგები მთავრდება, ახალი მოსავლიანობა როდესაც დაიწყება, შეგვიძლია ამ საკითხზე თავისუფლად ვისაუბროთ“, - თქვა ივა ჭყონიამ.
ივა ჭყონიასგან განსხვებით შემცირებულ ფასებზე საუბრობენ საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტების დისტრიბუტორ კომპანიაში „მზიური“. მზესუმზირის ზეთის Oleina ექსკლუზიური წარმომადგენელი კომპანიის ფინანსური მენეჯერი ზვიად კაშია აცხადებს, რომ კლება პროდუქტზე უკვე ასახულია. მისი თქმით, სხვაობამ 10 პროცენტი შეადგინა. როგორც კაშია ამბობს, სურსათზე ფასების კლების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
„ფასები ზეთზე უკვე ქვევითაა წამოსული. თუ ერთი თვის უკან პროდუქტი დახლზე 8–9 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 5,5 ლარია. ჩვენს პროდუქტზე, ზეთ „ოლეინაზე“ ფასი იგივე ტემპით არ შემცირებულა, რადგან ძველი ნაშთი გვაქვს, ამჯერად სხვაობა სადღაც 10 პროცენტია. სავარაუდოდ მომავალ თვეში კიდევ 10 %-ით შემცირდება. შემდეგი თვის შეკვეთები ჯერ არ გაგვიკეთებია და ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება. მაქსიმალურად ვდცილობთ მარაგები ამოვწუროთ და პროდუქტი შემდეგ შევუკვეთოთ, რათა იმ დროისათვის არსებული ფასით შევისყიდოთ. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში შარშანდელ ფასებს გაუთანაბრდება, რადგან წელს მოსავალი კარგია“, - აცხადებს ივა ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ მზესუმზირის ზეთი ყველაზე მეტად – 85%-ით გაძვირდა. საქართველოში მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ სულ 13 324 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა ($18,957 მლნ), აქედან რუსეთის წილი იყო 88,8%, ანუ 11 831 ტონა ($16,8 მლნ). დანარჩენი იმპორტიორი ქვეყნები კი იყვნენ - აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი და ა.შ.