Hotel Mountain Mestia აღარ გაიყიდება. ამის შესახებ სასტუმროს მეპატრონემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
საუბარია ობიექტზე, რომელიც, პანდემიის პერიოდიდან ინვესტორის მოლოდინში იყო. Hotel Mountain Mestia-ს გასხვისების მიზეზი კი, პანდემიით მიყენებული ზარალი გახდა.
მეპატრონის ნათია ნაცარაშვილის თქმით, ბანკის ვალი ერთხელ უკვე გადავადდა, ყოველ მომდევნოზე კი - 60 ათასი ლარი, პროცენტის სახით ემატებოდა. შესაბამისად, სულ უფრო იზრდებოდა რისკი, რომ სასტუმროსთან ერთად, მთელი ქონება დაკარგულიყო.
„სხვა ქონება გავყიდეთ და თანხა ჩავდეთ. ისევ პირადი ინვესტიციით, მგონი, გადავრჩით და გადავარჩინეთ სასტუმრო.
რაც შეეხება ტურისტებს, ამ პერიოდში დიდად მუშაობა არ გვაქვს, გარდამავალი პერიოდია და ჯერ თოვლი არ არის მესტიაში. თუმცა, 26 დეკემბრიდან 11 იანვრამდე ნომრების 60-70% დაჯავშნილია. წელს მოთხოვნა ბევრად გაზრდილია“,- ამბობს ნათია ნაცარაშვილი.