დააპატიმრეს ჰაკერების ბანდა, რომლებმაც 23 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარა და ამ დაჯგუფებას 15 წლის მოზარდი ხელმძღვანელობდა.
2018 წელს ახალგაზრდებისა და მოზარდების ჯგუფმა თაღლითობის გზით კრიპტო-ინვესტორისგან დაახლოებით 23 მლნ დოლარის ღირებულების აქტივები მოიპარა. დანაშაულის ჩადენის დროს ბანდის სავარაუდო ლიდერი 15 წლის იყო. მის თანამზრახველ ნიკოლას ტრუგლიას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
2018 წელს კრიპტოვალუტის მსხვილი ინვესტორი მაიკლ ტერპინი თაღლითების მსხვერპლი გახდა და დაახლოებით 23,8 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის აქტივები დაკარგა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ტრუგლია თაღლითური დაჯგუფების 15 წლის ხელმძღვანელს ინვესტორის სმარტფონის სიმბარათიდან კრიპტო აქტივების მითვისებაში დაეხმარა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბრალდებულმა მოპარული კრიპტოს უმეტესი ნაწილი ბიტკოინებად გადააქცია და თანამზრახველებს გადასცა, თანხის ნაწილი კი დაიტოვა, როგორც მომსახურების საკომისიო. ეს საკომისიო კი საკმაოდ სოლიდური თანხა - დაახლოებით 673 000 დოლარი აღმოჩნდა.
18-თვიანი პატიმრობის გარდა, 25 წლის ტრუგლიას მოუწევს, რომ დაზარალებულ ინვესტორს ზარალი აუნაზღაუროს. აქედან $12 მილიონი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე, დანარჩენი - 30 იანვრამდე.
პატიმრობის შემდეგ ტრუგლია სამი წლის განმავლობაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება და 983 000 დოლარზე მეტი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
თაღლითობის „კაპიტანი“ 15 წლის მოზარდი ელის პინსკი იყო. მან 2022 წლის ნოემბერში გარიგება დადო ტურპინთან და მისთვის 22 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა. გამოძიება თვლის, რომ სწორედ პინსკი იყო იმ ჯგუფის ლიდერი, რომელმაც ტურპინი გაძარცვა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მხოლოდ 15 წლის იყო. New York Post-მა ის „პატარა ალ კაპონედაც“ კი მოიხსენია.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა