ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით, ევროპის რეგიონალურ სამიტზე მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მაღალი დონის შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს, მათ შორის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და დასაქმების მიმართულებით.
თამარ ბარკალაიამ აღნიშნული მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ადამიანის უფლებები სრულად იქნება დაცული და ყველა შეძლებს ჩაერთოს განვითარების პროცესში.
სამიტი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მასში გაეროს ორგანიზაციები, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი (WHO), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და სხვადასხვა ქვეყნების სამინისტროების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.