გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დამძიმებისა და ლეტალობის რისკი არის უფრო დაბალი, ვიდრე ეს იყო „დელტას“ შემთხვევაში, თუმცა ეს არ გამორიცხვას, რომ ასეთ შემთხვევები იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„განსაკუთრებით საყურადღებოა ხანდაზმულ პირებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში, ვინც ვაქცინირებული არ არის. მნიშვნელოვანია დროული მიმართვა და ექიმის მეთვალყურეობა. ჩაღრმავებული ანალიზი მიმდინარეობს გარდაცვლილებზე, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს რომელი კოჰორტიდან არის გარდაცვალების შემთხვევები, რამდენად უკავშირდება ეს „ომიკრონს“. ის, რომ „ომიკრონი“ სრულიად შედეგების გარეშე შეიძლება დასრულდეს, ეს არ არის სწორი მოლოდინი. სიფრთხილე და მართვის ეფექტურობა, ამ შემთხვევაში არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ეს იყო ყველა შტამის დროს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 54 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 350 454 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 124 442, გარდაიცვალა 15 300 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge