მიმდინარეობს მუშაობა თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე, როგორც ეს რიგ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გაბუნიამ ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა და იქნება კონკრეტული გეგმა, რათა ინტერვენციების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს.
„ასევე მიმდინარეობს მუშაობა მთელ რიგ სხვა მეტად კომპლექსურ საკითხებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ბაზარზე გენერიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, რაციონალურ ფარმაკოთერაპიას, რაც შესაძლებელი იქნება გაიდლაინების მეტად აქტიურად დანერგვის გზით. ასევე საუბარია იმაზე, როგორ გახდეს ფასწარმოქმნის პროცესი მეტად გამჭვირვალე. ვფიქრობ, მოკლე ხანში იქნება ჩამოყალიბებული მეტად კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს მოკლე და შემდგომ უკვე გრძელვადიანი ინტერვენციები", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
IPN.GE