ანტივაქსერული დამოკიდებულებები ახლაც არის, სამომავლოდაც არსად გაქრება, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვას, „მწვანე პასპორტის“ გაუქმებამ წაახალისა თუ არა ანტივაქსერები და ეს წაახალისებს თუ არა ვაქცინაციის პროცესს.
როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციის წახალისებისთვის, სამომავლოდ ღონისძიებები იმის მიხედვით დაიგეგმება, პოტენციური სარგებელი საიდან, რა შეიძლება იყოს.
„რაც შეეხება ინტერვენციებს, თუ რა იქნება ეფექტური, რა წაახალისებს ვაქცინას, იქნება ეს "მწვანე საშვის" მექანიზმი, ფულადი წახალისება თუ საინფორმაციო კამპანია, ამასთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება არსებობს. უკვე სამომავლოდ მიმდინარე ღონისძიებები დაიგეგმება იმის მიხედვით, პოტენციური სარგებელი საიდან, რა შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, ანტივაქსერული დამოკიდებულებები ახლაც არის, სამომავლოდაც არსად გაქრება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჩატარებული აქვს კვლევა, სადაც ობიექტურად არის გაზომილი ანტივაქსერული დამოკიდებულებები. ველოდებით მომდინარე კვირაში, ვნახოთ რამდენად გაძლიერდა, შესუსტდა თუ როგორ შეიცვალა",- განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რასაც საბჭოში მსოფლიო პრაქტიკით ხსნიან.
IPN.GE