ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ ფართო გავრცელების გამო, მოქალაქეთა ნაწილმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა, ეს პროგრამა სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტულია.
„ვაქცინაციის პროგრამა, ამ ეტაპზე, შედარებით, შენელებულია. ეს, შესაძლოა, „ომიკრონის“ ძალიან აქტიური გავრცელებით აიხსნას. მიმდინარე პერიოდში, ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. ამდენად, შესაძლოა, მათ ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს, თუმცა, სამომავლოდ, ვაქცინაციის პროგრამა კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3257-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 787 627 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 511 800 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 324 172, გარდაიცვალა 15 729 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge