TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრე, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, შესაძლოა გაორმაგდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიხ დონმეზმა TRT Haber–თან ინტერვიუში განაცხადა.
ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას, რომელიც აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა გააფორმეს ევროპაში მეტი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, მინისტრმა თქვა: „TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს. ყოველწლიური მოცულობა 16 მილიარდიდან 31–32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება“.
მისივე თქმით, ამისათვის ინვესტიციები იქნება საჭირო, რადგან გასაზრდელია მილსადენის გამტარუნარიანობა.
ფატიხ დონმეზმა დაადასტურა თურქეთის პროექტში მონაწილეობისთვის მზადყოფნა. „ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ თურქული ნაკადისა და TANAP-ის პროექტებში. ჩვენ წვლილი მიგვიძღვის როგორც თურქეთის, ისე ევროპელი მეზობლების ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ აქაც ვიქნებით“, – განაცხადა მინისტრმა.