უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მისმა პარტნიორებმა ტანკები მიაწოდონ, აღნიშნულზე ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ ის ქვეყნებიც დაასახელა, რომლებიც მწარმოებლების თანხმობის შემთხვევაში უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე თანახმა არიან.
„ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარე რჩება. ის დამოკიდებულია ბევრ მიზეზზე და სამწუხაროდ, დამოკიდებული არ არის უკრაინის სურვილზე. რუსეთის ფედერაციის ათასობით ტანკის წინააღმდეგ ჩვენი სამხედროების სიმამაცე და უკრაინელი ხალხის მოტივაცია საკმარისი არ არის.
პოლონეთი მზად არის, ასევე ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და კიდევ საკმარისი რაოდენობა ქვეყნებისა, რომ უკრაინა ტანკებით უზრუნველყონ. ისინი მზად იყვნენ ეს აქამდეც გაეკეთებინათ. ჩვენ ყველა ველით იმ ქვეყნის ნებართვას, რომელსაც აქვს ამა თუ იმ შესაბამის ლიცენზიებზე უფლება“,- განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინა მხოლოდ პარტნიორების იმედზე არ არის და საკუთარი იარაღის წარმოებაზეც მუშაობს.
როგორც უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, ის იარაღი რასაც პარტნიორები აწვდიან არ არის საკმარისი და იარაღის მიწოდების სიჩქარეზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული.