ქართულ ბაზარზე ახალი და ინოვაციური პლატფორმა Tapp.ge გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს აპლიკაციების შექმნის და გაქირავების სერვისს სთავაზობს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში Tapp.ge-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა თანანაშვილმა განაცხადა, დამწყები ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის აპლიკაციის შექმნა რთულია, რადგან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, გაქირავების სერვისი კი ამ მხრივ ძალიან მოსახერხებელია.
„ჩვენი მომსახურება ბევრად უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე აპლიკაციის ყიდვა. მაგალითად, აპლიკაციის დამზადება ზოგჯერ იმდენი ღირს, რაც ჩვენთან 3, 4 ან 5 წლის ქირით მომსახურება“, - აცხადებს ბექა თანანაშვილი.
მისი თქმით, ბიზნესის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ონლაინ მაღაზიებისა და დაჯავშნის სერვისების მესაკუთრეები უკვე აცნობიერებენ, რომ საიტებიდან, დაჯავშნის სერვისზე უნდა გადავიდნენ.
„2010-ში იყო საიტების დრო, ახლა უკვე არის ის დრო, როცა მეტი კომფორტისთვის, ყველას აპლიკაცია სჭირდება,“ - ამბობს ბექა თანანაშვილი.
აპლიკაციების შექმნისა და გაქირავების სერვისი თავიდან სტარტაპებსა და საშუალო ბიზნესზე იყო გათვლილი, მაგრამ Tapp.ge-ს მომსახურებით უკვე უფრო მსხვილი ბიზნესია დაინტერესებული. როგორც ბექა თანანაშვილმა განაცხადა, მომხმარებელს მათ მიერ შექმნილი აპლიკაციის ქირაობა სამუდამოდ, ან მინიმუმ 3 თვით შეუძლია.