საბილეთო ოპერატორი Biletebi.ge კონკურენციის პირობების დარღვევაზე რეაგირებას ეროვნული ბანკისგან ითხოვს. როგორც „კომერსანტთან“ კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა დავით მიზანდარმა განაცხადა, შესაბამისი წერილი მომზადებულია და ეროვნულ ბანკში ორშაბათს შეიტანენ. Biletebi.ge-ს წერილი კონკურენციის სააგენტოშიც შეაქვს.
მიზანდარი ამბობს, რომ TBC ბანკი არღვევს საქართველოს კანონს, რომლის მიხედვითაც ბანკებს არაპროფილური ბიზნესების ფლობის უფლება არ აქვთ.
„ამ ეტაპზე ჩვეულებრივად ვყიდით თეატრის, ფიტნესის, ტრანსპორტის და სხვა ბილეთებს, ეს საკითხი მხოლოდ კინოს ბილეთებს შეეხო, თუმცა TBC ბანკი ცდილობს რომ სხვა სფეროებიც დაისაკუთროს.
TBC ბანკს ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, იურისტებთანაც არ გამოდიან კომუნიკაციაზე, მომზადდა წერილი, რომელსაც დღეს თუ არა, ორშაბათს შევიტანთ ეროვნულ ბანკში, სადაც გავასაჩივრებთ იმას, რომ ბანკს არაპროფილური ბიზნესების პირდაპირი და არაპირდაპირი ფლობის უფლება არ აქვთ. კანონი მიღებულია და TBC ბანკი არღვევს საქართველოს კანონს.
წერილი ასევე შედის კონკურენციის სააგენტოშიც, სადაც საუბარი იქნება კარტელურ გარიგებაზე და დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებაზე“, - აღნიშნა დავით მიზანდარმა.
„კომერსანტი“ TBC ბანკს დაუკავშირდა, სადაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და ბანკების ასოციაციასთან გადაგვამისამართეს.
აღნიშნულ თემაზე კომერსანტი ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს თემის გააქტიურებისთანავე დაუკავშირდა. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტისთვის“ 16 იანვარს მიცემულ კომენტარში აცხადებდა, რომ დღეის მდგომარეობით ბანკებს არაპროფილური ბიზნესების ფლობა უკვე აკრძალული აქვთ, გარდა საფინანსო სექტორში ჩართული კომპანიებისა. საბანკო ასოციაცია უფრო მეტ კონკრეტიკას ითხოვს.
თაკო კვაჭანტირაძე