საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 332 მილიონი ლარით, 19.17 მილიარდ ლარამდე იზრდება. 70 მლნ ლარით იზრდება საერთოსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობა, რაც ძირითადად გამოწვეულია ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების 50 მლნ-იანი ზრდით. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 70-მდე მუნიციპალური ორგანიზაციის სუბსიდირებაზე, 2021 წელთან შედარებით, უფრო მეტი თანხაა გათვალისწინებული.
წლების განმავლობაში არაერთი კვლევითი ორგანიზაცია აქვეყნებდა მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი დიდი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა ან აღნიშნული პროექტები არ ხორციელდებოდა. ამ კუთხით რა ვითარებაა მუნიციპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტებში, ამის გასარკვევად „კომერსანტმა“ 3 მათგანის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი განიხილა.
თბილისის ბიუჯეტი
თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის მოცულობა 1 305 418 200 ლარით განისაზღვრა, რაც, 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 255 115 700 ლარით მეტია. მიმდინარე წელს თბილისის ბიუჯეტიდან გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 190 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
ეს პროექტებია: ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დასრულება; უნივერსიტეტის და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოწყობა; ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ზღვის უბნის პარკის მოწყობა; ფურცელაძის #30, #32 და #34 ნომრების რეაბილიტაცია. ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამები, რომლებიც შემდეგ მისამართებზე განხორციელდება: ორბელიანის ქუჩა #19 და #23, რომის ქუჩა #4, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია, ერეკლე მეორეს #6 და #7-ის მშენებლობა, ანტონ კათალიკოსის #30, #32 #34-ის რეაბილიტაცია, წინამძღვრიშვილის #1-ის რეაბილიტაცია, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, 2022 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი პროექტები: გუდიაშვილის მოედანზე, 9 მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება - 20 მლნ ლარი; ვარკეთილში, #180 სკოლის მიმდებარედ, მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება - 7 მლნ ლარი; დიდ დიღომში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების დასრულება - 1 853 000 ლარი; ლადო ასათიანის ქუჩა #50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება - 1 104 000 ლარი.
ბათუმის ბიუჯეტი
ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 254 047 400 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის ბიუჯეტს 49 მილიონ ლარზე მეტით აღემატება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 248 117,0 ათას ლარს, ხოლო გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები კი 76,162.6 ათას ლარს შეადგენს.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება, მათ შორის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის (მთლიანი ასიგნების - 41,6%) - 105 658,0 ათასი ლარი.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და კაპიტალური მშენებლობისთვის სულ დაიხარჯება 2,815,300 ლარი. მათ შორის: ა(ა)იპ - საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ქ. ბათუმის, ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე - სამრეწველო ზონის მიმდებარედ (ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მახოს ხიდი-გონიოს ხიდისა და გეზის მიმდებარედ) მთავარი და მეორე ხარისხოვანი გზის მშენებლობა-მოწყობის სამუშაოების საერთო ბიუჯეტი 500,000 ლარი; ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვ. ფშაველას ქუჩამდე) რეაბილიტაციის სამუშაოები 1,815,300 ლარი; ვ. გორგასალის ქუჩის (ალ.გრიბოედოვის ქუჩიდან ნ.ბარათაშვილის ქუჩამდე) კეთილმოწყობა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით; ფარნავაზ მეფის ქუჩის (ალ.გრიბოედოვის ქუჩიდან ნ.ბარათაშვილის ქუჩამდე) კეთილმოწყობა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მიერთებებით და სხვა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 29 მილიონით გაიზარდა და 89 876 000 ლარს შეადგენს. როგორც დეპუტატები აცხადებენ, ბიუჯეტის პარამეტრები ქალაქის განვითარებასა და იმ საჭიროებების მოგვარებისკენ არის მიმართული, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტული მიმართულებებში შედის ინფრასტრუქტურა, რომლისთვისაც 29 929 000 ლარია გამოყოფილი.
ქუთაისის ბიუჯეტის მიღებას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რადგან 33 მილიონი მხოლოდ ხელფასებისათვის არის გათვალისწინებული და 20 მილიონი ლარი კი მომსახურებაზე – საწვავზე, საკანცელარიო ნივთებზე და ავეჯზე. გარდა ამისა, ოპოზიციის თქმით, 53 მილიონი იხარჯება მერიის შენობაში და 36 მილიონი იხარჯება ქალაქში – ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სოციალურად დაუცველები, სპორტი, კულტურა, ახალგაზრდობა და ასე შემდეგ. ოპოზიციის განსაკუთრებული პროტესტი კი ქალაქის მერის იოსებ ხახალეიშვილის ხელფასის 5 500 ლარამდე ზრდამ გამოიწვია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ახალ პროექტებთან ერთად არც ძველ შეუსრულებელ პროეტებს დაივიწყებენ, მათ შორის რიონისპირა სახლებს, რომელზეც სასამართლო პროცესი დასრულებისკენ მიდის და მოხდა მორიგება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. ელექტრომობილების ქარხანა კი რომელსაც სახელმწიფომ უპრეცენდენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი პროექტია, ეკონომიკის სამინისტრომ დროებით გადაავადა.
ნინო თამაზაშვილი