თბილისის ცენტრში მდებარე რესტორანი „თბილი სიო“ იყიდება. „თბილი სიო“ ვერაზე ულამაზეს გამწვანებულ ბაღში, (პეტრიაშვილის N1-ში, ღვინის ქარხანა) მდებარეობს.
რესტორანს აქვს 6 წლიანი მუშაობის წარმატებული გამოცდილება და ჰყავს ათასობით მუდმივი მომხმარებელი. კვების ობიექტი, რომლის მფლობელიც შპს „სიო“-ა ელექტრონულ აუქციონზეა გამოტანილი და მისი საწყისი ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს.
რესტორნის გასხვისება ხვალ, 28 სექტემბერს ჩანიშნულ ელექტრონულ აუქციონზე იგეგმება.
როგორც „კომერსანტს“ რესტორნის თანამფლობელმა მერი თათარაშვილმა უთხრა, კომპანია „სიოს“ სურს განახლებული კონცეფციის რესტორნის გახსნა სხვა ლოკაციაზე და ამიტომ გადაწყდა აღნიშნული ფართის გასხვისება. თუ „თბილი სიოს“ ფართის შემძენი დაინტერესებული იქნება რესტორნის სახელის შეძენითაც, რესტორნის ამჟამინდელი მფლობელები აღნიშნულზეც თანახმა არიან, თუმცა ეს მოლაპარაკებების საგანი იქნება.