თბილისის მერია დასახლება ალექსეევკაში (აეროპორტის მიმდებარედ) მუნიციპალური ავტობუსების პარკისათვის ახალი ავტობაზის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამუშაოების ე.წ. დაპროექტება-მშენებლობის (Design-Build) სერვისის შეძენას გამარტივებული შესყიდვით მოახდენს. აღნიშნული შესყიდვის ღირებულება კი 67 000 000 ლარია.
ცნობილია, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დაგეგმილია 200 ერთეული 18 მეტრიანი ახალი CNG ტიპის ბუნებრივ აირზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტების შესაბამისი M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვა.
თუმცა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ამ ეტაპზე არ გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აღნიშნული ავტობუსების მისაღებად და შემდეგი ექსპლუატაციისთვის.
ცნობილია, რომ აღნიშნული პროექტი უნდა შესრულებულიყო საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2021 წლის 24 ნოემბერს „თბილისის ავტობუსის პროექტი - ფაზა III“- ის ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმების თანახმად, თუმცა რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ვადები, ვერ მოხერხდა.
შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ 2022 წლის 6 ოქტომბრის N22.1566.1694 განკარგულებით, მიიღო გადაწყვეტილება - საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2021 წლის 24 ნოემბერს „თბილისის ავტობუსის პროექტი - ფაზა III“- ის ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმების გაუქმებასთან დაკავშირებით, რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „პროექტის განხორციელება სასესხო პირობებისა და EBRD - ის რეგულაციების შესაბამისად არსებითად ზრდის პროექტის განხორციელების ვადებს, რაც დედაქალაქის მიმდინარე სატრანსპორტო საჭიროებების გათვალისწინებით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამდენად, პროექტის დროულად განხორციელების მიზნით, მიზანშეწონილია სასესხო შეთანხმების გაუქმება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ პროექტის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ თბილისის აღმოსავლეთ აგლომერაციაში, ისანი-სამგორის რაიონში, მუნიციპალური ავტობუსებისათვის მე-4 ავტობაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, - აღნიშნულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორის გიორგი შარკოვის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილში.