კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. აღნიშნული რეკომენდაცია თბილისის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.
ასევე დეზინფექცირება უტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრებს, ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებს.
დღეიდან სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დაიწყებენ ასევე უმაღლესი სასწავლებლები. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის დაწყება 16 მარტამდე გადადეს. დღეიდან ამ სასწავლებლებშიც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.
ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 870-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 824-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 533-ია.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
Imedinews.ge