დედაქალაქში, ყოველდღიურად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საშუალოდ, 1 200 000 მგზავრობა ფიქსირდება. აქედან, დაახლოებით 500 000 - ავტობუსით და მიკროავტობუსით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი საგზაო დერეფნის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის უპირატესობას და გადაადგილების ეფექტურობას.
„ამ მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით, ეტაპობრივად იქმნება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი განცალკევებული ზოლები. მიმდინარე წელს, სატრანსპორტო დერეფანს თამარაშვილის ქუჩის და თამარ მეფის გამზირის მნიშვნელოვანი საგზაო მონაკვეთი შეემატა. წლის განმავლობაში მას ასევე დაემატება მირიან მეფის ქუჩა, ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 1 ივლისიდან 71 აგვისტოს ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში კერძო ავტომობილებით გადაადგილებასა და უკანონო პარკირებასთან დაკავშირებით 7308 სამართალდარღვევა გამოვლინდა“, - აცხადებენ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.