თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად, 13%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში, გარეუბნებში 12% -ით. ძველაშენებულ ბინებს რაც შეეხება, გარეუბნებში ფიქსირდება ყველაზე დიდი ზრდა - 11%, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 8% და 5%. ამის შესახებ Colliers-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Colliers-ის ინფორმაციით, ივნისში თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე წინა თვეებისგან განსხვავებით მოთხოვნის ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა გასაყიდი ფასი გაიზარდა. ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი განსაკუთრებით გაიზარდა ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ძველაშენებული ბინების შემთხვევაში კი პირიქით - გარეუბნებში. გასული წლის მაისთან შედარებით, ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა ქალაქის ცენტრალურ უბნებში ახალაშენებულ პრემიუმ და მედიუმ სეგმენტის ბინებზე ფიქსირდება.
„2022 წლის ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 11%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 2%-ით არის გაზრდილი.
2022 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,660 ერთეული შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2022 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებელი 82%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა“, — აღნიშნულია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ბაზრის ზომას, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, ის 24%-ით, 193 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.