თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი მარტში, თებერვალთან შედარებით, 20,1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ TBC Capital-ის განახლებულ კვლევაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, ამ სეგმენტში ფასების წლიურმა ზრდამ 48,4% შეადგინა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
TBC Capital-ის მონაცემებით, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 22.8%-ით გაიზარდა, თებერვალთან შედარებით კი - 18.6%-ით.
გასაყიდი უძრავი ქონების ფასები კი გასულ წელთან შედარებით 3%-ით არის გაზრდილი, თებერვალთან შედარებით კი 6%-ით არის შემცირებული. მარტში დედაქალაქში კვადრატული მეტრი უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 838 დოლარი იყო.
კვლევის თანახმად, მოთხოვნა ყველაზე მაღალი ახალაშენებულ ბინებზეა, რომელიც ტრანზაქციების საერთო რაოდენობის 65%-ს შეადგენს.
ტრანზაქციების რაოდენობა ყველაზე მეტად საბურთალოზე (+40.6%), ვაკესა (+40.4%) და დიდუბეში (+35.1%) გაიზარდა; კლების ტენდენცია კი დედაქალაქის ორ რაიონში ფიქსირდება - კრწანისსა (-11.8%) და ჩუღურეთში (-6.3%).