თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph-ის მშენებლობა წელს დაიწყება. სასტუმრო „ტელეგრაფი“ „სილქ დეველოპმენტის“ პროექტია, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერში კი საერთაშორისო სამშენებლო კომპანია DNT Construction-მა გაიმარჯვა, რომელთანაც „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმის რადისონის მშენებლობის დროსაც თანამშრომლობდა.
„სილ ქროუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების განვითარების დირექტორმა გიორგი მარიმ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ პანდემიის გამო, საპროექტო სამუშაოები ცოტა ხნის განმავლობაში შეფერხდა, თუმცა ახლა ისევ გრძელდება. გარდა ამისა, წარმატებით განხორციელდა ინვესტიციების მოზიდვის პროცესიც.
„პროექტი წლების წინ დაანონსდა, თუმცა, ამ დრომდე ინვესტიციების მოზიდვის პროცესი მიმდინარეობდა, გარდა ამისა პანდემიამ საპროექტო სამუშაოები დააპაუზა.
პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი ინვესტიცია 60 მილიონ ევროს აჭარბებს. სასტუმროს მშენებლობა ორი უდიდესი ქართული ბანკის მხარდაჭერით მოხდება“, — ამბობს გიორგი მარი.
სასტუმროში რვა სხვადასხვა კატეგორიის 241 ნომერი მოეწყობა. შენობის ბოლო სართულზე განლაგებული ნომრებიდან სტუმრებს გასასავლელი ექნებათ ტერასაზე, საიდანაც თბილისის პანორამული ხედები იშლება. სასტუმროში განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანი და ჯაზ-კლუბი განთავსდება. ერთ-ერთ შიდა ეზოში პირველ სართულზე მოეწყობა ღია ბარი, ხოლო მეორე შიდა ეზოში მეორე სართულის დონეზე განთავსდება საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზი.
სასტუმროს დიზაინი ეკუთვნის არქიტექტურულ კომპანიას Neri&Hu, შემუშავებული კონცეფცია გულისხმობს ენერგოეფექტურ მწვანე სასტუმროს და ეს იქნება რეგიონში პირველი შენობა, რომელიც მოეწყობა LEED Gold სტანდარტების მიხედვით.
შეგახსენებთ, „სილქ როუდ ჯგუფი“ ფოსტის ყოფილ შემობაში თავდაპირველად Park Inn-ის ბრენდის სასტუმროს გახსნას გეგმავდა. თუმცა მოგვიანებით ბრენდი შეიცვალა და ის Radisson Hotels Group-ის მმართველობაში იქნება.