ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის შემდეგ, რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეების ნაწილის საქართველოში შემოდინების ფონზე, თბილისში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, უძრავი ქონების გაქირავების ფასებმა საგრძნობლად მოიმატა.
„კომერსანტთან“ საუბრისას უძრავი ქონების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მცირე დროით გასაქირავებელი ბინების რაოდენობა დედაქალაქში თითქმის აღარ დარჩა, მოთხოვნა კი შესაბამისად ფასზეც აისახა და 20%-დან 50%-მდეც კი გაიზარდა, განსაკუთრებული ზრდა ცენტრალურ უბნებში დაფიქირდა.
უძრავი ქონების კომპანია REMAX Capital-ის დამფუძნებელი მარიამ ასათიანი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თბილისში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, გასაქირავებელი ბინების დატვირთულობა თითქმის 100%-ა.
„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო საქართველოში ბინების ქირაობის ბაზარზე ცალსახათ ჭარბობს მოთხოვნა მიწოდებას. თბილისში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, გასაქირავებელი ბინების რაოდენობა თითქმის ნულამდეა დაყვანილი ანუ დატვირთულობა თითქმის 100%-ია. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ბინებზე მოთხოვნა თბილისში უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ბინების ფონდი არის, შესაბამისად ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ცენტრალურ უბნებში ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი, ასეთი მოთხოვნის გამო დამქირავებლები თანახმა არიან ორმაგიც კი გადაიხადონ. მოთხოვნა არის განსაკუთრებით 6 თვემდე ბინების ქირაობაზე. მომატებულია მოთხოვნა საოფისე ფართებზეც და შესაბამისად იჯარის გადასახადიც.
რაც შეეხება ბინების გაყიდვებს, ამ მიმართულებითაც გაზრდილია მოთხოვნა. ზოგიერთი დეველოპერი მაგალითად აჩერებს გაყიდვებს და აკვირდება როგორ განვითარდება ბაზარზე სიტუაცია, ზოგიერთმა ბინები გაზრდილი ფასით უკვე გაყიდა. თუმცა, ქირების გაზრდა ზოგადად იწვევს გასაყიდ ბინებზე მოთხოვნის და შესაბამისად ფასის ზრდას, რადგან ბევრი მას სწორედ რომ საინვესტიციოდ ყიდულობს“, - ამბობს მარიამ ასათიანი.
საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ბინებზე ფასის ზრდის ტენდენციაზე საუბრობენ „თიბისი კაპიტალშიც“. მათი ინფორმაციით, გასაქირავებელი ბინები - 27%-ით, გასაყიდი კი 10%-ით გაძვირდა.
ნინო თამაზაშვილი