თბილისში, „კრწანისის რეზიდენციის“ ტერიტორიაზე ახალი კაფე „კრწანისი გარდენი“ გაიხსნა.
კაფე, რომელიც „კრწანისი რეზიდენციის“ ბაღში განთავსდა, სტუმრებს კონსტანტინე თედელურის ინტერპრეტაციით შექმნილი ქართული კერძებით უმასპინძლებს.
კრწანისის რეზიდენციის დირექტორმა ანა ბერიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კაფეში სტუმრების მიღება მხოლოდ მაგიდების წინასწარი ჯავშნებით იქნება შესაძლებელი.
„კრწანისის რეზიდენციაში ეს იქნება ახალი ლოკაცია. პერიოდულად ცოცხალი მუსიკა გვექნება და სტუმრებს კონსტანტინე თედელურის ინტერპრეტაციით შექმნილი კერძებით გავუმასპინძლდებით.
საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება წამოვიდა და უკვე მივიღეთ რამდენიმე მაგიდის ჯავშანი“, - აცხადებს ანა ბერიძე.
ამ დრომდე „კრწანისის რეზიდენცია“ კორპორატიული ივენთებისთვის, კონფერენციებისა და შეხვედრებისთვის, ქორწილებისა და სხვა სოციალური წვეულებებისთვის იყო განკუთვნილი, სადაც ღონისძიების გასამართად სტუმრების რაოდენობის მინიმალური ზღვარი უნდა ყოფილიყო დაცული. ახალი ლოკაციის დამატებით კი ამ ზღვარის დაცვა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
ანი ცარციძე