თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო, თუმცა დედაქალაქის მერია მათ აუცილებლად შეიძენს. როგორც კახა კალაძემ „ფეისბუქით“ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, რისკების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობამ სპეციალისტების მოწოდება და მოთხოვნები მაინც უნდა გაითვალისწინოს. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით და კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქალაქში სუფთა ჰაერი იყოს და მდგომარეობა მოწესრიგდეს, მერია ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
„მაგალითად, დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი განახლება და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლება, ეს პროცესი დაწყებულია. ასევე, მიკროავტობუსების მთლიანი ჩანაცვლება და განახლება მოხდება. უკვე ტენდერი იყო გამოცხადებული მიკროავტობუსების შესაძენად, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრიორიტეტების გადათამაშება მოხდა. დროებით გადაიდო მიკროავტობუსების შესყიდვა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება, ჩვენ მიკროავტობუსებს შევისყიდით. მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით იქნება, რადგან დღეს, დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტები და მნიშვნელოვანი თემებია. ჩვენ ასევე ბევრი პროექტი განვახორციელეთ არსებული სკვერების, პარკების რეაბილიტაციისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და ზაფხულში უნდა დასრულდეს.
ალბათ, ქალაქში შეამჩნევდით გზაგამყოფებს, რომელიც მთლიანად ბეტონით იყო დაფარული. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, გავამწვანეთ, შევქმენით მწვანე სივრცე, რადგან დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ქალაქს, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე და სუფთა ჰაერი სჭირდება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობითვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ყოველთვის ამ საგანგებო მდგომარობაში არ ვიქნებით, ნელ-ნელა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დავუბრნდეთ, დაიწყება სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის გახსნითი ღონისძიებები, სხვადასხვა მიმართულებების, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა გავურთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯამრთელობას, დავიცვათ სოციალური დისტანცია, აუცილებლად საჭიროა პირბადეების ქონა, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. როცა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით მაშინაც, ყველა იმ მოწოდებისა და მოთხოვნის გათვალისწინება მოგვიწევს, რომ მაქსიმალურად დაცული ვიყოთ, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“,-განაცხადა კალაძემ.
როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსის ყიდვას გეგმავდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე გამოაცხადებდა. ტენდერი 9 აპრილს უნდა დაწყებულიყო და 14 აპრილს დასრულებულიყო.
სატენდერო პირობების თანახმად,იცვლებოდა თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნებოდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლებოდა.
მერიის მოთხოვნის თანახმად, მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰქონოდა M2 კატეგორიის ავტობუსების წარმოების არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება, ხოლო ტენდერში მონაწილე კომპანიის ბრუნვა გასული სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 30 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო.