ნატურალური სასმელი „კეთილი და პატიოსანი“ 2023 წელს რეალიზაციის გაზრდას გეგმავს.
როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ უთხრა, მიმდინარე წლის დასაწყისში 2022 წელთან შედარებით რეალიზაცია გაორმაგებულია, წლის ბოლომდე კი უფრო მაღალი ზრდის მოლოდინი აქვთ.
„შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თებერვალში და მარტში რეალიზაცია გაორმაგდა და უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს მიმდინარე წელს.
წინა წელს ტექნიკური პრობლემები შეგვექმნა, არ გვქონდა ჩვენი წარმოება, მაგრამ წლის ბოლოს ახალი ხაზი შემოვიტანეთ და თებერვლიდან ჩვენი პროდუქცია ბაზარზე უკვე ახალი დიზაინით შევიდა. საწარმო ახალი დანადგარებით აღიჭურვა, რომელიც რამდენიმე სახის ჩამოსხმის საშუალებას იძლევა.
ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა არამარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც საკმაოდ დიდია და კომპანია მზად არის ახალი ბაზრების ასათვისებლად“, — ამბობს გიორგი ახალაძე.
კომპანიას გასულ წლებში წლიურად საშუალოდ მხოლოდ საქართველოში 150 ტონა გადამუშავებული ხილის რეალიზაციას ახორციელებდა. მიმდინარე წელს კომპანია დასალევი ხილ-ბოსტენულის ხაზის 17-20 მლნ ბოთლამდე გაზრდას გეგმავს.
„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ საწარმოში მზადდება. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.