თებერვალში ეკონომიკური ზრდის ტემპმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6%-ს მიაღწია, იანვარ-თებერვალში კი 16.3%-ს. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
ორნიშნა ზრდის უმთავრესი მიზეზი საბაზისო პერიოდია, როდესაც ეკონომიკა ჯერ კიდევ მცირდებოდა, მასში რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ჯერ ასახული არ არის.
თებერვალში სამომხმარებლო ფასები 13.7%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 17%-ით გაიზარდა.
საგარეო ვაჭრობის მოცულობა იანვარ-თებერვალში 49.3%-ით $2.542 მლრდ-მდე გაიზარდა, მათგან ექსპორტი 54.5%-ით $760 მლნ-მდე, ხოლო იმპორტი 47.2%-ით $1.782 მლრდ-მდე გაიზარდა.
თებერვალში ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6.9%-ით 4155-მდე შემცირდა, თუმცა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 27.3%-ით 8.911 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
გასული წლის იანვარში მშპ 11.5%-ით შემცირდა, თებერვალში 5.1%-ით, ხოლო მარტში 12 თვიანი უწყვეტი ვარდნის შემდეგ პირველად 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საბაზისო პერიოდის გათვალისწინებით მიმდინარე წლის მარტში მაღალი ალბათობით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პერიოდი დასრულდება. იმ მონაცემებში, რომელსაც საქსტატი 29 აპრილს გამოაქვეყნებს რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა უკვე ასახული იქნება.