2023 წლის თებერვალში გაყიდული ბინების 72% 75 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობისაა. მთლიან გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი კვლავ (41%) 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს უკავია. გაყიდული ბინების დაახლოებით 6% აღემატება 125 კვ.მ-ს, - ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, იანვრის მსგავსად, 2023 წლის თებერვალში მაღალფასიანი ბინების გაყიდვები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. 1,500 $/კვ.მ-ზე მეტი ფასის მქონე ბინების წილი 8 პპ-ით გაიზარდა.
„2023 წლის თებერვალში 746 ახალი ბინა გაიყიდა რაც 2022 წლის თებერვალთან შედარებით 5%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ზრდა წინა თვესთან შედარებით გაცილებით უფრო საგრძნობი აღმოჩნდა (+36%). რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვას, წლიური ზრდა 14%-ს გაუტოლდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 15%-იანი მატება დაფიქსირდა. შედეგად, 2023 წლის თებერვალში ახალი ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში 22%-მდე გაიზარდა.
საშუალო გასაყიდი ფასის წლიური ცვლილება მსგავსი აღმოჩნდა ახალი (+27%) და ძველი ბინებისთვის (+30%). თუმცა, ზრდა წინა თვესთან შედარებით ახალი ბინების შემთხვევაში უფრო მაღალი იყო (+8% vs +3%)“, — აღნიშნულია მიმოხილვაში.