ტენდენცია ისეთია, რომ 2023 წელს ბუნებრივ ნედლეულზე ფასი არ გაიზრდება, -ამის შესახებ „კომერსანტთან“„ეკოვუდის“ კორპორატიული გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა გიორგი სრესელმა განაცხადა.
„ეკოლოგიურად სუფთა მასალების მიმართ ტენდენცია მზარდია. კომპანია წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო, სამშენებლო მასალების და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს. 2022 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ნატახტარში გავხსენით საწარმო. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის წარმოება და რეგიონალური ჰაბი ერთდროულად. ჩვენი პროექტი usaid-ის მხარდაჭერით განხორციელდა და ისინი მსგავს ეკომიმართულებას მხარს უჭერენ. რაც შეეხება პოსტპანდემიურ პერიოდს ნამდვილად რთული იყო ბიზნესისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენი გეგმები რაც დასახული გვქონდა, განვახორციელეთ.
მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ბაზრების დივერსიფიცირება გაგვეკეთებინა, გადავერთეთ ძირითადად აფრიკის ქვეყნებზე, ასევე მალაიზიაზე და ინდონეზიაზე. ბოლოს გავაფორმეთ ხელშეკრულება და შემოგვივიდა პროდუქცია ამერიკიდან და კანადიდან“, — აღნიშნა გიორგი სრესელმა.
2023 წლის გეგმებზე საუბრისას „ეკოვუდის“ წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ნედლეულზე ფასები აღარ გაიზრდება და მხოლოდ მცირედი კორექტირება მოხდება.
„ბუნებრივ ხეზე და ბუნებრივ ნედლეულზე ფასები გაიზრდა, თუმცა ვცდილობთ რომ მეტად ლოიალურები ვიყოთ ამ კუთხით და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დაბალი ფასი.
ტენდენცია ისეთია, რომ 2023 წელს ბუნებრივ ნედლეულზე ფასი აღარ გაიზრდება. მოლოდინი არის, რომ თერმო გადამუშავების მიმართულებით სხვადასხვა კუთხით გავიზარდით, ასევე გვაქვს არაერთი გეგმა პროდუქციის გამრავალფეროვნებასთან დაკავშირებით“, — ამბობს გიორგი სრესელი.