თვითონ არჩევნები არ ქმნის რისკებს, საარჩევნო კამპანიაა რისკის შემცველი , - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის კლინიკურ ჯგუფთან და რეანიმატოლოგების ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ამით ცერცვაძემ უპასუხა შესაბამის კითხვას.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის გაწერილ რეკომენდაციებს, რომელიც რბილია და არა დრაკონული, ყველა არ ასრულებს, მათ შორის საარჩევნო პერიოდში.
„ რა თქმა უნდა, არჩევნები ზრდის რისკებს იმ ერთი მიზეზის გამო, რომ სარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია. საარჩევნო კამპანია მოიცავს ხალხმრავალ შეკრებასაც, ამის მაგალითი რამდენიმე დღის წინ ბათუმში გვქონდა, სადაც ხალხმრავალი შეკრება ისე გაიმართა, რომ არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. რა მოხდებოდა, რომ ზუსტად ისეთი შეკრება გამართულიყო - ისეთივე შედეგი იქნებოდა პარტიის მხარდამჭერებისთვის ყველას ნიღაბი, რომ ჰქონოდა გაკეთებული.
რა თქმა უნდა, იმ რეგულაციებს, რომელიც რბილია და არ არის დრაკონული, ყველა არ ასრულებს, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში.
თვითონ არჩევნები არ ქმნის რისკებს, საარჩევნო უბნებზე ყველაფერი დალაგებულია, ისეთი ზომებია მიღებული საარჩევნო ყუთებზე პრევენციის თვალსაზრისით,რომ არავინ დაინფიცირდება. საარჩევნო კამპანიის პერიოდი შეიცავს რისკებს “,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ipn.ge