ყველამ ვიცით, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით განათლების სფეროში. არ ვიცი, რამდენად იაზრებთ, მაგრამ თქვენ გაქვთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტფელი მთავრობის კაბინეტში, რადგან ჩვენი მომავალი თაობა თუ არ არის შესაბამისად განათლებული, ამ ქვეყანასაც, შესაბამისად, კარგი მომავალი არ აქვს, - ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ, განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, განათლების სფეროში სულ ექსპერიმენტების ხაზი გვაქვს და ჩავარდნილ რეფორმებზე, როგორც წესი, პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
„სამწუხარო ტენდენციაა, რომ არაერთი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, თუნდაც 2018 წლის ბოლო კვლევაში არის შედეგი, რომ ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს და მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს შორის 75 ქვეყნიდან ყველაზე ცუდ ბოლო ათეულში ვართ. ამ კუთხით რას აკეთებთ, მართლა საინტერესო იქნებოდა ამის გაგება. ასევე საინტერესოა, რომ მთელი აქცენტი და სადამსჯელო ღონისძიებები პედაგოგებზე გადადის. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარი იხარჯება პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, ვხედავთ, რომ ეს სავალალო შედეგებით მთავრდება და ბოლო მონაცემებით, რომელიც იყო სტატისტიკურად, არის კატასტროფული. ის, რომ პედაგოგების ბრალდებად წარმოვაჩენთ განათლების რეფორმის ჩავარდა, ამასაც მივეჩვიეთ. ასევე საინტერესოა პედაგოგების კარიერული წინსვლის საკითხი, რომელიც შეჩერებულია.
ასევე საინტერესოა რა კეთდება სკოლებში თანამედროვე უნარების ასამაღლებლად. ელემენტარულ უნარზეა საუბარი, განსაკუთრებით კომპიუტერის ცოდნაზე. რატომ არ შეიძლება, რომ სკოლაში გამოცდები, რომელიც თქვენ გააუქმეთ, კომპიუტერით ყოფილიყო“, - განაცხადა აქუბარდიამ.
ipn.ge