ტექინსპექტორების ცენტრების ნაწილი დახურვის პირასაა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მინიმუმამდეა შემცირებული ცენტრებში მიმართვიანობა.
„ახლა არის ახალი გამოწვევებიც, რომელიც უკავშირდება ბიზნესს. კერძო სექტორმა მიიღო დაპირება 2017 წელს, რომ მთლიანი სისტემა იქნებოდა გამართული და შესაბამისად, მიმართვიანობა ინსპექტირების ცენტრებში იქნებოდა მაღალი. მაშინ ამისთვის სესხი მოიძია სექტორმა ინვესტიციების სახით.
გვაქვს რეალობა, რომ ინსპექტირების ფიქსირებული გადასახადი ვეღარ აბალანსებს ლარის გაუფასურებას, გაძვირებულია აღჭურვილობა და ტექნიკა-დანადგარები. შეიქმნა რეალობა, როცა ბიზნესი არის დახურვის საფრთხის წინაშე. დაპირება, რომელიც სახელმწიფომ გასცა, არ სრულდება, მიმართვიანობა ძალიან დაბალია. ბიზნესი თუ წელში გამართული არ იქნება, რეფორმა თავისთავად ჩავარდება.
მთავარი აქტორი და პასუხისმგებელი უწყება ეკონომიკის სამინისტროა, მაგრამ არ ვიცით კონკრეტულად ვინ, რომელი სტრუქტურა. ვინ აკეთებს სტატისტიკას რამდენი დახარვეზდა, რა მიზეზით, რა არის პრევენცია, რა გავლენა აქვს ტექინსპექტირების რეფორმას გზებზე კატასტროფების შემთხვევებზე, რა იყო კანონის აღსრულებაში მთავარი გამოწვევები. ეს კვლევები გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და არა სახელმწიფოს, რომელსაც შესაბამისი უწყებებიც კი არ აქვს“ - ამბობს დავით მესხიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს სავალდებულო ტექნიკური ისნპექტირება მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 57%-მა გაიარა - ამის შესახებ, ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა 2021 წლის ბოლოს ,,ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა.
მისი თქმით, დარჩენილი 43%, ანუ 600 000 ავტომობილი სავარაუდოდ, გზებზე ისე გადაადგილდება, რომ ინსპექტირება გავლილი არ აქვს.
საქართველოში, სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის 2018 წლიდან შევიდა ძალაში.