ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა ,,კომერსანტს“ აცნობა, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 54 000 ერთეული რეგისტრირებული ავტობუსი და მიკროავტობუსიდან ტექინსპექტირება, 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ 1602-ს ჰქონდა გავლილი.
მისივე თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტექნიკურ მდგომარეობაზე კვლევა ორგანიზაციამ 2021 წელს ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით უმეტესად ხდება ამორტიზებული მიკროავტობუსებით, რომელთაგან ზოგი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთოა.
როგორც მესხიშვილი ვარაუდობს, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ტექნიკურ შემოწმებას თავს არიდებს, ვინაიდან სტანდარტს მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს.
,,მიკროავტობუსების უმეტესობა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს, არასტანდარტულია, სატვირთო გადაკეთებული. ისინი ნებისმიერ ადამიანს უქმნიან საფრთხეს, ვინც ყოველდღიურად ასეთი ტრანსპორტით გადაადგილდება. ჩვენი კვლევით, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, 2021 წლის მონაცემით, აქტიური სტატუსით 54 000 ერთეული იყო რეგისტრირებული. მათ შორის, 23 778 ავტობუსი, დანარჩენი - 30 222 მიკროავტობუსია. 2020 წლის 1-ლი ივლისიდან 2021 წლის 1-ელ ივლისამდე მათგან მხოლოდ 15% გამოცხადდა ტექინსპექტირებაზე, რაოდენობრივად ეს არის 1602 სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც წელიწადში 2-ჯერ ეკუთვნის ტექნიკური შემოწმების გავლა, მაგრამ ტექინსპექტირების ორგანოში ერთხელაც არ არის მისული. ჩემი ვარაუდით, ისინი კუსტარულად დამზადებული, გადაკეთებული სატვირთოები ან გაუმართავი მიკროავტობუსები არიან და შეგნებულად არ გადიან ინსპექტირებას. ჩვენ ახლა ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ მთლიანად, თუ რამე შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკა იყოს, მგზავრთა გადაყვანის სფეროა და მისი მოქცევა გონივრულ ჩარჩოში აუცილებელია“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ დავით მესხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეფორმაზე რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.
,,გვაქვს ავტოსადგურების მოწესრიგების გეგმა, აქ საუბარი არის არა მარტო ავტოსადგურებზე, არამედ მთლიანად საქალაქთაშორისო გადაყვანების რეფორმაზე. ამაზე ეკონომიკური გუნდი ვსაუბრობთ და მალე დავაანონსებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა მინისტრმა ისე, რომ დეტალები არ დაუკონკრეტებია და არც ის, როდის იქნება მზად დოკუმენტი, რომელიც 10 წლის წინ დაიდო თაროზე.
რეფორმა შეეხება როგორც ავტოსადგურებს, ასევე გადამყვან კომპანიებსაც.
როგორც ცნობილია, დაწესდება ახალი სტანდარტები თუ როგორი უნდა იყოს ავტოსადგურების იერსახე და ავტოგადამყვანებში მომსახურების დონე.
მარი ჩიტაია