ვაშინგტონსა და პეკინს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ავტომწარმოებელმა Tesla-მ ჩინეთში ინვესტიციების გაზრდის შესახებ გამოაცხადა. Bloomberg-ის ცნობით, Tesla შანხაიში ბატარეების ახალ ქარხანას ააშენებს.
ქარხნის მშენებლობა 2023 წლის მესამე კვარტალში იგეგმება. ქარხანა სავარაუდოდ 2024 წლის მეორე კვარტალში დაიწყებს მუშაობას. როგორც მასალაშია ნათქვამი, ახალ ქარხანაში დაგეგმილია, რომ Tesla დიდი ზომის ენერგიის შესანახ მოწყობილობებს აწარმოებს.
ახალი ქარხანა თავდაპირველად ყოველწლიურად 10000 მეგაპაკეტს აწარმოებს, რაც დაახლოებით 40 გიგავატ/სთ ენერგიის შენახვას უდრის და პროდუქცია მთელ მსოფლიოში გაიყიდება.
Megapack არის მასიური ბატარეა, რომელიც შექმნილია ელექტრო ქსელების სტაბილიზაციისთვის. თითოეულ ერთეულს შეუძლია ელექტროენერგიის მიწოდება საშუალოდ 3600 სახლისთვის ერთი საათის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივლისში Tesla აღიარებულ იქნა მსოფლიოში ყველაზე ძვირფას საავტომობილო კომპანიად. Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 209,47 მილიარდ დოლარს მიაღწია.